ეთიკის კოდექსი

ზოგადი პრინციპები

აღნიშნული კოდექსი განსაზღვრავს ჟურნალ „არქეოლოგია“-ს გამომცემლის, სარედაქციო კოლეგიის, რეცენზენტისა და ავტორის ეთიკის ნორმებსა და ქცევის წესებს.

კოდექსის მიზანია, ზნეობრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, განსაზღვროს „არქეოლოგია“-ს პროფესიული ღირსება, პატივი სცეს საკუთარ საქმიანობას და საზოგადოებაში დაამკვიდროს ნდობა მაღალკვალიფიციური სამეცნიერო გამოცემების მიმართ. კოდექსი შექმნილია სამართლიანობის, ობიექტურობის, კონფიდენციალობისა და გამჭვირვალობის პრინციპებზე დაყრდნობით. ჟურნალი მკაცრად იცავს საერთაშორისო სტანდარტებს აკადემიური პუბლიკაციების ეთიკის კუთხით და ეფუძნება COPE-ის მიერ შემუშავებულ საუკეთესო პრაქტიკას, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი და გამჭვირვალე საგამომცემლო პროცესი.

ინტერესთა კონფლიქტი

ჟურნალი „არქეოლოგია“ იცავს სამეცნიერო მიუკერძოებლობის პრინციპებს. ავტორები, რეცენზენტები და სარედაქციო კოლეგიის წევრები ვალდებულნი არიან წერილობით აცნობონ მთავარ რედაქტორს ნებისმიერი შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ.

ინტერესთა კონფლიქტად შეიძლება ჩაითვალოს: ფინანსური ინტერესი (გრანტები, დაფინანსება, ჰონორარები); პირადი ან პროფესიული კავშირები (ოჯახური, კოლეგიალური, კონკურენტული ურთიერთობები); აკადემიური ან ინსტიტუციური ინტერესები; სხვა გარემოებები, რომლებიც შესაძლოა გავლენას ახდენდნენ სტატიის განხილვასა და გამოქვეყნებაზე.

სარედაქციო კოლეგია უფლებამოსილია ინტერესთა კონფლიქტის დამალვის შემთხვევაში შეაჩეროს ან გააუქმოს სტატიის გამოქვეყნება და ავტორს/რეცენზენტს შეზღუდოს სამომავლო თანამშრომლობა ჟურნალთან.

სარედაქციო კოლეგიის მოვალეობები

სარედაქციო კოლეგია გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ნაშრომის სამეცნიერო ღირებულების საფუძველზე.

კოლეგია ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალურობა და ავტორის/რეცენზენტის მონაცემების დაცულობა.

არ უნდა მოხდეს მიღებული ნაშრომის გამოყენება ან ციტირება ავტორის ნებართვის გარეშე.

კოლეგია ვალდებულია რეცენზენტის შენიშვნები ავტორს მიაწოდოს ანონიმურად.

რეცენზენტის მოვალეობები

რეცენზენტი ვალდებულია ობიექტურად შეაფასოს ნაშრომი და დაეყრდნოს მხოლოდ სამეცნიერო არგუმენტებს.

თუ რეცენზენტს აქვს ინტერესთა კონფლიქტი ან ვერ ასწრებს დროულ შეფასებას, ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს რედაქციას.

რეცენზენტმა უნდა მიუთითოს ყველა მნიშვნელოვანი წყარო და ციტატა, რომელიც ავტორს გამორჩა.

ავტორის მოვალეობები

ავტორმა უნდა წარმოადგინოს მხოლოდ ორიგინალური ნაშრომი და სათანადოდ მიუთითოს ყველა წყარო.

დაუშვებელია პლაგიატი, თვითპლაგიატი ან მონაცემების ფალსიფიკაცია. ავტორმა არ უნდა გაგზავნოს ერთი და იგივე ნაშრომი ერთდროულად რამდენიმე ჟურნალში.

თანაავტორებად უნდა იყვნენ მხოლოდ ის პირები, რომლებმაც რეალურად მიიღეს მონაწილეობა კვლევაში.

მადლიერების ნაწილში უნდა იყოს მოხსენიებული ყველა პირი, ვინც ტექნიკურად ან სხვა ფორმით დაეხმარა კვლევას.

თუ ავტორი აღმოაჩენს შეცდომას უკვე გამოქვეყნებულ ნაშრომში, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს რედაქციას.

გამომცემლის მოვალეობები

გამომცემელი უზრუნველყოფს რედაქციის დამოუკიდებლობას და გარანტიას იძლევა, რომ გარე ფაქტორები არ იმოქმედებს მიღებულ გადაწყვეტილებებზე. პასუხისმგებელია ავტორსა და რედაქციას შორის გამჭვირვალე კომუნიკაციაზე. უზრუნველყოფს საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას და შეცდომების დროულ გამოსწორებას.

სხვა დებულებები

ნებისმიერ პირს შეუძლია მიმართოს ჟურნალის მთავარ რედაქტორს ეთიკის დარღვევის შესახებ წერილობითი განცხადებით.

სარედაქციო კოლეგია ვალდებულია განცხადება განიხილოს გონივრულ ვადაში და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.

საჭიროების შემთხვევაში, კოლეგია უფლებამოსილია საჯაროდ გამოაქვეყნოს ინფორმაცია დარღვევის შესახებ.