ერეკლე მეორეს სახელის დაწერილობა სამეფო ბეჭდებზე

ავტორები

  • გოგა გაბაშვილი, არქიტექტორი; საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელი ავტორი

ანოტაცია

სტატია ეძღვნება, სამეფო ბეჭდებსა და ნუმიზმატიკურ მასალაში, ერეკლე მეორეს სახელის დაწერილობის ვარიანტების შესწავლას. კვლევა ეფუძნება საქართველოს არქივში დაცულ 10 000-ზე მეტ დოკუმენტს და მათზე არსებულ საბეჭდავებს. გაანალიზებულია რვა იდენტიფიცირებული ბეჭედი, რომლებიც ქრონოლოგიურად 1729-1797 წლებს მოიცავს. აღნიშნული ბეჭდები განსხვავდებიან როგორც ფორმით (რვაკუთხოვანი, სწორკუთხოვანი, ოვალური), ისე ზომებითა და გამოსახულებით. პირველი ბეჭედი ეკუთვნის 9-10 წლის ბატონიშვილ ერეკლეს (1729 წ.), ხოლო დანარჩენი - სხვადასხვა საბუთებზე გვხვდება მისი მეფობის მთელ მანძილზე.

ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ მეფის სახელი ორ ბეჭედზე დაწერილია ასომთავრულად ,,ႤႰႤႩႪႤ“, სამ ბეჭედზე - მხედრული ხელრთვით ,,ერეკლე“, ხოლო ერთ ბეჭედზე - ასომთავრულად ,,ႨႰႠႩႪႨ“. განსაკუთრებით აღსანიშნავია ხუთენოვანი ბეჭედი (N7), რომლის ცენტრშიც ასომთავრულად დაწერილია ,,ირაკლი“, ხოლო გარშემო - ოთხ ენაზე (ლათინური, ბერძნული, სომხური, სპარსული) გადმოცემულია იგივე სახელი. საინტერესოა ისიც, რომ სპილენძის ყველა მონეტაზე, მეფის სახელი აღნიშნულია როგორც ,,ირაკლი“. საისტორიო დოკუმენტებსა (მაგ. გეორგიევსკის ტრაქტატი) და ახლო ნათესავების მოგონებებშიც (ალექსანდრე ორბელიანი) მეფე ხშირად ხსენებულია ,,ირაკლის“ სახელით.

სტატიაში განხილულია სამეცნიერო ლიტერატურაში არსებული მონაცემებიც. როგორც ცნობილია, მკვლევარები: მ. ბარათაევი, ე. პახომოვი, დ. კაპანაძე და ნ. თარხნიშვილი მონეტებსა და ბეჭდებზე კითხულობენ ,,ირაკლის“, მაგრამ წერენ ,,ერეკლეს“. ამ სტერეოტიპიდან გამონაკლისია მხოლოდ ანა ბაქრაძე, რომელმაც სწორად წაიკითხა და დაწერა სახელი ,,ირაკლი“.

ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ ერეკლე მეორის ოფიციალურ სახელად, განსაკუთრებით საბუთებსა და მონეტებზე, უნდა მივიჩნიოთ ,,ირაკლი“. აღნიშნული საკითხი ნამდვილად მოითხოვს არსებული ინფორმაციების გათვალისწინებას და გადამოწმებას.

 

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2019-12-30

გამოცემა

სექცია

Articles