გემა მხედრის გამოსახულებით ჟინვალის სამაროვნიდან
Keywords:
ჟინვალი, გლიპტიკა, გემა-ინტალიო, მითრა, მხედარიAbstract
წინამდებარე სტატია ეძღვნება ბრინჯაოს ბეჭედში ჩასმული სარდიონის გემა-ინტალიოს შესწავლას, რომელიც 1983 წელს ჟინვალის სამაროვნის N552 სამარხში აღმოჩნდა. გემაზე ვერტიკალურად გამოსახულია ფეხაღმართულ ცხენზე მჯდომი თავსაბურავიანი მხედარი. ცხენიცა და მხედარიც პროფილშია გამოსახული.
კვლევის მიხედვით, ჟინვალური გემა ანალოგს პოულობს საქართველოში აღმოჩენილ გემა-ინტალიოების ორ ჯგუფთან: I ჯგუფი (ურბნისი, ახ.წ. I-II სს.) მოიცავს მინის გემებს მხედრის გამოსახულებით, ღვთაებათა ატრიბუტების გარეშე; II ჯგუფი (ურბნისი, სამთავრო, კარსნისხევი, ქუთაისი, ახ.წ. III-IV სს.) წარმოდგენილია სხივებიანი ფრიგიული ქუდით, საკურთხევლითა და სიცოცხლის ხით გაფორმებული კომპოზიციით. საინტერესოა, რომ ჟინვალური გემა აერთიანებს ორივე ჯგუფისთვის დამახასიათებელ ელემენტებს და ამასთანავე, წარმოადგენს მხედრის განსხვავებულ იკონოგრაფიულ ვარიანტს.
აღსანიშნავია, რომ II ჯგუფში გაერთიანებული კომპოზიციების მსგავსი გამოსახულებები დასტურდება ახ.წ. II-III სს-ის ტრაპეზუნტის სპილენძის საქალაქო მონეტების ზურგზე, რომლებიც ბიჭვინთაშია აღმოჩენილი. მკვლევართა აზრით, მასზე გამოსახული ცხენოსანი სინკრეტული ღვთაებაა, მზის ღვთაება მითრასა და კაბადოკიური მთვარის ღვთაება მენის ატრიბუტიკით.
მხედრისა და ცხენის გამოსახულებები გვხვდება ლურჯი მინის მრავალწახნაგა ჩამონასხამებზეც, რომლებიც იბერიაში მზადდებოდა ძვ.წ. II-I სს-დან - ახ.წ. II ს-მდე და განიხილება როგორც ,,ბერძნულ-სპარსული“ გლიპტიკის მოგვიანო, დამოუკიდებელი ჯგუფი (ე.წ. ბერნის ჯგუფი).
ჩატარებული კვლევებით, ჟინვალურ გემაზე გამოსახული მხედარიც სინკრეტულ ღვთაებას წარმოადგენს, კერძოდ მითრას, რომელიც აერთიანებს მძლავრ ადგილობრივ ტრადიციებსა და მითრაიზმის გავრცელებით შემოსულ ახალ კულტურულ ტენდენციებს. გემა დათარიღებულია ახ.წ. II ს-ის მეორე ნახევრით და მიიჩნევა ადგილობრივ გლიპტიკურ ნაწარმად, ხოლო ბეჭედი - IV ს-ის პროდუქციად, რაც მიუთითებს გემის მეორად, ქრისტიანულ კონტექსტში გამოყენებაზე. ნაშრომი ხაზს უსვამს მხედრის გამოსახულების ხანგრძლივ ევოლუციას, რომელმაც მოგვიანებით საფუძველი ჩუყარა წმინდა გიორგის იკონოგრაფიას.
Downloads
Published
Issue
Section
License

This work is licensed under a Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 International License.