ერეკლე II-ს სახელის დაწერილობის შესახებ
საკვანძო სიტყვები:
ერეკლე II, ნუმიზმატიკა, სიქა, შაური, ბისტიანოტაცია
სტატიაში წარმოდგენილი კვლევა ეხება საქართველოში მოჭრილ მონეტაზე ერეკლე II-ს სახელის დაწერილობის საკითხს. მე-18 საუკუნიდან მოყოლებული, არაერთი სამეცნიერო პუბლიკაცია მიეძღვნა საქართველოს ნუმიზმატიკური ძეგლების შესწავლას. აღნიშნულ საკითხს ფუნდამენტური, სამეცნიერო პუბლიკაციები მიუძღვნეს მ. ბროსემ, მ. ბარათაევმა, ი. ბართოლომეიმ, ვ. ლანგლუამ, ე.ა. პახომოვმა და დ. კაპანაძემ, რომელთა შრომებიც დღემდე ფასდაუდებელია ნუმიზმატიკით დაინტერესებული მკვლევარებისთვის. წინამდებარე სტატიაში, სწორედ მათ მეცნიერულ მოსაზრებებზე დაყრდნობითა და მუზეუმებში დაცული ერეკლე IIის მონეტებზე დაკვირვებით (ქ. სანკტ-ბეტერბურგის საიმპერატორო ერმიტაჟის კოლექცია (შაურიანი, ინვ. N14522); საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექცია (ბისტი, ინვ. N5308)), შემოთავაზებულია ახლებური ხედვა ერეკლე II-ს (1762-1798წწ.) სახელის დაწერილობის შესახებ. თბილისში მოჭრილ (=1765-66) მონეტასთან მიმართებით, ბარათაევს ერეკლეს სახელის ქარაგმაში ექვსი ნიშნის ნაცვლად შემოთავაზებული აქვს მხოლოდ სამ ასომთავრული ნიშანი (“rkl” – „რკლ”). პახომოვმა ანალოგიური ქარაგმა წაიკითხა როგორც ხუთი ასომთავრული ნიშანი, მეორე “e”-„ე“ ასო კი მხოლოდ ვირტუალურად დაამატა. ცხადია, ამგვარ ამოკითხვას შეცდომაში შევყავართ. დ. კაპანაძემ მოცემული ქარაგმის წაკითხვას გვერდი აუარა და ერეკლეს სახელის ქარაგმის ამოკითხვის საკითხი ისევ ისე ბუნდოვანი დარჩა, როგორც წინამორბედთა შემთხვევაში გვქონდა. მონეტაზე გამოსახული ქარაგმის დაშლით, გრაფიკულ გამოსახულებაზე ზედა ჰორიზონტალური ხაზის ცენტრიდან ქვემოთ მიმართული მოკლე ვერტიკალური ხაზის ნაკლულოვანების გათვალისწინებითა და სხვა მონეტებზე წარმოებული შედარებითი ანალიზის საფუძველზე, ეჭვგარეშე ვღებულობთ სახელწოდება “irakli”-„ირაკლი”-ს (და არა “erakli”-„ერაკლი”). ქართულ ნუმიზმატიკურ მასალებში არის მონეტების ისეთი ცალები, სადაც წარწერები არასწორადაა შესრულებული (შემობრუნებული ასოები, სარკისებურად შესრულებული წარწერა, ან შეცდომით დაწერილი e-i, e-v). ყველა ეს შეცდომა შეგვიძლია მივაწეროთ სიქის მომჭრელს, რადგან ეს მონეტები მხოლოდ ცალებია. ერეკლე II-ს მონეტებზე შეცდომები ჩნდება მხოლოდ თარიღის დაწერილობისას, სადაც ევროპული თარიღი არ ემთხვევა ჰიჯრით მოცემულ თარიღს. დანარჩენ შემთხვევებში ერეკლე II-ს მონეტების სიქები უზადოდაა შესრულებული.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2024 Archeologia
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .