ბერძნულ-რომაული ფულის იბერიული იმიტაციების შესახებ
Keywords:
ქართული ნუმიზმატიკა, იმიტაციები, ალექსანდრე მაკედონელის სტატერი, ლისიმაქე, ავგუსტუსის დენარიAbstract
წინამდებარე სტატია ეძღვნება ანტიკური საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ბერძნულ-რომაული მონეტების ადგილობრივი იმიტაციების შესწავლას, რომლებიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია დაცული.
კონკრეტულად განვიხილავთ სამი ტიპის იმიტაციას: ალექსანდრე მაკედონელის (ძვ. წ. 336-323 წწ.) სტატერებს, ლისიმაქეს (ძვ.წ. 306-282 წწ.) სტატერებს და ოქტავიანე ავგუსტუსის (ძვ.წ. 27-ახ.წ. 14 წწ.) დენარებს გაი და ლუციუს ცეზარების გამოსახულებით. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმიტაციებზე წარმოდგენილ ფრინველებს (ჩიტი), რომლებიც სხვა ქვეყნებში გამოვლენილ, ორიგინალ მონეტებზე არ გვხვდება. ეს უნიკალური დეტალი მხედველობაში ე. პახომოვმა და ა. ზოგრაფმა მიიღო, ხოლო დ. კაპანაძემ მას სპეციალური კვლევა მიუძღვნა. მკვლევარი ფრინველის გამოსახულებას ძალაუფლების სიმბოლოდ და ადგილობრივი წარმოშობის მახასიათებელ ნიშნად მიიჩნევდა.
აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, არქეოლოგიური მონაპოვრებიდან აღსანიშნავია ოქტავიანე ავგუსტუსის დენარის იმიტაციები, კერძოდ, იმპერატორის დიადემაზე იდენტიფიცირებული სამი ჩიტის გამოსახულება. ასევე, 2004 და 2013 წლებში დედოფლის გორის სასახლის კომპლექსზე გამოვლენილი ავგუსტუსის დენარის იმიტაცია (ახ.წ. I ს.) და საკურთხეველზე აღმოჩენილი 15 მონეტიანი შენაწირი (13 ავგუსტუსის დენარი და 2 ალექსანდრე მაკედონელის, ელექტრუმისაგან დამზადებული სტატერის იმიტაცია), რომელიც მინის ჭურჭელში უნდა ყოფილიყო მოთავსებული. დედოფლის გორაზე გამოვლენილი ავგუსტუსის დენარის იმიტაციები სავარაუდოდ იწარმოებოდა ახ.წ. I საუკუნის მეორე ნახევრიდან და მიმოქცევაში იყო ორიგინალ დენარებთან ერთად. განძის სახით ავგუსტუსის დენარების აღმოჩენის ფაქტი დადასტურდა მცხეთაში, ბაგინეთზე (22 ც.) და დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე (12 ც.).
ჩატარებული კვლევების მიხედვით, იმიტაციებზე ფრინველის გამოსახულება მემკვიდრეობითი ტრადიციით უნდა გადასულიყო ალექსანდრე მაკედონელის სტატერების ადრეული იმიტაციებიდან (ვანის ნაქალაქარი) ლისიმაქეს სტატერებისა და შემდგომ, ავგუსტუსის დენარების იმიტაციებზე.
არქეოლოგიური აღმოჩენები საფუძველს გვაძლევს დავასკვნათ, რომ ძვ.წ. II საუკუნიდან მოყოლებული ანტიკური პერიოდის მანძილზე, საქართველოში მიმდინარეობდა ბერძნულ-რომაული მონეტების იმიტაციების სისტემური დამზადება. ადრეფეოდალურ ეპოქაში აღნიშნული პროცესი გაგრძელებას ჰპოვებს ქართულ-სასანური ფულის დამზადებაში, რაც საბოლოოდ გვირგვინდება ბაგრატიონების მიერ საქართველოს გაერთიანებითა და ქართული ფულის ემიტეტის განხორციელებით.
Downloads
Published
Issue
Section
License

This work is licensed under a Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 International License.