ვერცხლის სამკაულის ერთი ჯგუფი ვანის სამარხებიდან
Keywords:
ვანის ნაქალაქარი, საირხე, სამარხები, სამკაული, ვერცხლის ნივთებიAbstract
სტატიაში განხილულია 2002-2005 წლებში ვანის ნაქალაქარზე გამოვლენილ ვერცხლის სამკაულთა რამდენიმე სახეობა, რომლებიც მოიცავს სფერულ მძივებს, სხვადასხვა ზომის მილაკებს, დაღარულზედაპირიან ნახევარსფერულ და პირამიდულ ნივთთა ჯგუფს.
მცირე ზომის აღნიშნული ვერცხლის სამკაულები, არქეოლოგიური სამუშაოების დროს N22, N24 და N11 სამარხებში აღმოჩნდა, კონცენტრირებულნი როგორც მიცვალებულის არეზე, ასევე სხვა მრავალრიცხოვან სამარხეულ ინვენტართან ერთად.
N22 სამარხში ვერცხლის ნივთები დადასტურდა ოქროს შემცველი დერგის ჩრდილოეთითა და ცხენის აღკაზმულობის გროვაში.
N24 სამარხში ანალოგიური, გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში შემორჩენილი მცირე ზომის ვერცხლის სამკაულები აღმოჩნდა მთავარი მიცვალებულის არესთან, ერთ გროვად, რომელთაც ზემოდან ედო ცვარათი შემკული ოქროს მილაკი.
N11 სამარხში, რომელიც უფრო ადრეულია და ძვ. წ. V საუკუნის შუა ხანებით თარიღდება, ვერცხლის წვრილი სამკაული შედარებით დიდი რაოდენობით იყო წარმოდგენილი. მილაკებისა და მძივების ჯგუფი, მთავარი მიცვალებულის მარჯვენა მკლავთან იყო კონცენტრირებული. მილაკები განლაგებული იყო სიგრძივ სამ, ხოლო მძივები - ოთხ რიგად.
სამივე სამარხის შემთხვევაში, სამკაულთა დამზადების ტექნოლოგია ანალოგიურია, სხვაობა მათ შორის ზომებშია. სფეროსებური მძივები სადაა, ღერძის გასწვრივ მცირედ წაგრძელებული, მიღებულია ორი ნახევარსფეროს მირჩილვით. ვერცხლის მილაკები მიღებულია ფირფიტის წრიულად მოღუნვით ისე, რომ ბოლოები ერთმანეთზეა გადასული და არ არის მირჩილული. პირამიდის მოყვანილობის საკიდებს ძირი არ აქვთ, გააჩნიათ წვერზე ნახვრეტი, ხოლო კიდეები და წახნაგები შემკულია ამოჭდეული წერტილებით.
ვანის ნაქალაქარის სამარხებში დადასტურებული მცირე ზომის ვერცხლის სამკაული, დიდ მსგავსებს ავლენს საირხის სამკაულების კომპლექტთან, რომელიც ყველაზე ადრეულია და ძვ.წ. Vს-ის პირველი ნახევრით თარიღდება. აღნიშნულ სამარხში ვერცხლის სამკაულები მთავარი მიცვალებულის თავის არეში, ოქროს დიადემასთან, წყვილ სხივანა საყურესა და საკერებელ ფირფიტასთან ერთად აღმოჩნდა.
ჩატარებული კვლვევები რამდენიმე მიმართულებითაა საინტერესო, კერძოდ: 1. სამარხებში, სამკაულთა განლაგების მიხედვით, ისინი ქსოვილის (თავსაბურავის, მანტიის) შესამკობად ან ცხენის აღკაზმულობის გასაფორმებლად გამოიყენებოდა; 2. ვერცხლის ნივთები ანალოგიურია სხვა ლითონისაგან დამზადებული ნივთებისა (ოქრო, ბრინჯაო, რკინა), რაც უდავოდ უსვამს ხაზს სამკაულთა ფორმების ხანგრძლივ ტრადიციაზე (ძვ.წ. VIIIს-დან მოყოლებული - ახ.წ. IIIს-მდე); 3. აღმოჩენები, კიდევ ერთხელ ადასტურებს ბერძე-რომაელ ავტორთა ცნობებს ქვეყნის ვერცხლით სიმდიდრესთან დაკავშირებით.